თავფურცელი | უცნობი ფურცლები | ლიტერატურული ძიებანი | პოეზია | პროზა | თარგმანები | გაკვეთილები | ჩვენ შესახებ

№43 საჯარო სკოლა

ქ. თბილისის №43 საჯარო სკოლაში გამოდის ორი ჟურნალი:

1. ლიტერატურული ჟურნალი ”45 წუთის მიღმა”

2. საინფორმაციო შემეცნებითი ჟურნალი ”გზა შემეცნებისკენ”

 

 

მარიამ მურღულია

თინათინ ასანიშვილი

X2  კლასი

სტუმრად ბატონ ვახტანგ ჯავახაძესთან

 ვახტანგ ჯავახაძე - ეს სახელი და გვარი ჩვენ ცნობიერებაში გალატიონთან და ,,უცნობთან’’ ასოცირდება. ამავე დროს, დიდი სურვილი გვქონდა, ბატონ ვახტანგს მის არაჩვეულებრივ ლექსებზე გავსაუბრებოდით და ცოტა რამ შეგვეტყო შემოქმედებით პროცესზე, შემოქმედებით ლაბორატორიაზე, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

როცა ნინო მასწავლებელმა გვითხრა, რომ ბატონ ვახტანგ ჯავახაძეს ესუბრა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და ის უკვე გველოდა, ცოტა არ იყოს ავფორიაქდით, თითქოს არ ვიცოდით, რა და როგორ გვეთქვა, ჩვენ ხომ დიდი ხანია გვინდოდა მასთან შეხვედრა.

ბატონ ვახტანგს მის სამუშაო გარემოში - რედაქციაში ვეწვიეთ. მთელი გზა გალაკტიონზე ფიქრები არ გვასვენებდა. იგი თითქოს მიგვიხვდა, რომ საუბრის დაწყება სწორედ გალაკტიონით გვსურდა: რაზე ვისაუბროთ, გალაკტიონზე? - გვკითხა მან ისე, რომ ჩვენგან მხოლოდ დასტურს ელოდა. ჩვენც დავიწყეთ...

- ბატონო ვახტანგ, როდის დაიწყეთ ,,უცნობზე’’ მუშაობა და როგორ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა?

- მე გახლდით გალაკტიონის უკანასკნელი რჩეულის შემდგენელი და რედაქტორი. რედაქციაში მუშაობა 1956 წელს დავიწყე, 1957 - ში კი გალაკტიონი რედაქციაში მოვიდა და მთელი თავისი მასალები მოიტანა. სურდა ყველაფერი ერთ ტომად გამოეცა. ძალიან უყვარდა დიდი წიგნები, მისი ოცნება იყო, ძალიან დიდი წიგნის გამოცემა - სრული კრებულის. 1958 წელს მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავი სრულდებოდა (პირველი ლექსი ხომ 1908 წელს გამოაქვეყნა!) და სურდა საიუბილეოდ გამოეცა წიგნი.

გაკალტიონს სურდა ცხრა ტომის მასალა ერთ წიგნში მოექცია, რაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო. რჩეულის შედგენა მე, ახალბედა რედაქტორს დამავალეს.

...გალაკტიონს მანამდეც ვიცნობდი, ხშირად შემხვედრია ქუჩაში. ერთხელ უნივერსიტეტში საღამო მოვუწყვეთ. მე ლქსი წავუკითხე, მან კი მეც და სხვა დანარჩენებსაც შუბლზე გვაკოცა (ძალიან უყვარდა პოეზიის საღამოები, სიამოვნებდა ყურადღება).

ნოდარ ტაბიძე ჩემზე ორი კურსით წინ იყო უნივერსიტეტში. მას კარგად ვიცნობდი. ერთხელ ნოდარი მოვიდა რედაქციაში და მას გალაკტიონი მოჰყვა. ასე გავიცანი გალაკტიონი. მას შემდეგ რედაქციაში ხშირად მოდიოდა, ეჩქარებოდა წიგნის გამოცემა: დამიჩქარე, ძამიკო, დამიჩქარე და მე ვიცი შენი პატივისცემაო, - მეტყოდა ხოლმე და მერე წელზე დაიდებდა ხელს, თითქოს ჯანმრთელობის გამო წუხდა.

ძალიან დიდ მასალასთან მომიხდა შეხება, ბევრი გამორჩენილი, გამოუქვეყნებელი ლექსი მოვიძიე და კრებულში შევიტანე. მოუთმენლად ველოდი გალაკტიონის შეფასებას, მის აზრს, როგორ მოეწონებოდა ჩემი შედგენილი რჩეული. გალაკტიონს შევთავაზე, რომ ლექსები ციკლებად დაგვეყო და პირველი ციკლის სათაური რომ ვუთხარი, ფეხზე წამოდგა ხელი ჩამომართვა და მითხრა: მომილოცავს, ძამიკო! ასე განმეორდა, როცა სხვა ციკლთა სათაურები გავაცანი. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ მერე მივხვდი, მართლა კმაყოფილი იყო. მას არც კი გადაუხედავს, რომელი ლექსები შევიტანე კრებულში და რომელი - არა, თითქოს ამბობდა: რაც არ უნდა შეიტანოთ, ცუდი მაინც არ გამოვაო. გარდა ამისა არ დაობდა თარიღებზე. მივხვდი, რომ გალაკტიონი პასიური ავტორი იყო ამ საკითხში და გამომცემლებს დიდ თავისუფლებას აძლევდა, რითიც ცუდად სარგებლობდა კიდეც.

...50 წლის იუბილე ჩატარდა - საკმაოდ მკრთალი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ნახევრადსავსე დარბაზში. გალაკტიონი მაინც ძალიან კმაყოფილი იყო, თუმცა წიგნმაც ვერ მოუსწრო.

შემდეგ გალაკტიონი ხშირად ავადმყოფობდა და 1959 წლის თებერვალში უკანასკნელად იყო მოსული რედაქციაში. მალე გალკტიონმა თავი მოიკლა. წიგნი გაზაფხულზე გამოვიდა, მაგრამ გალაკტიონი ამას ვეღარ მოესწრო.

მე მინდოდა დამეწერა წერილი - გალაკტიონი, როგრც ავტორი, რათა გამეფრთხილებინა გალაკტიონის მომავალი ტექსტოლოგები, რომ არ დაყრდნობოდნენ შემდგენელთა და რედაქტორთა არჩევანს, რადგან ზოგი მათგანი თარიღს ცვლიდა, ზოგი რაღაცას აკლებდა, ასწორებდა და ა.შ. თანაც მე მინდოდა ჩემ მიერ შერჩეული ლექსების დედნები მენახა. ამ მიზნით მივედი ლიტერატურის მუზეუმში, მაგრამ მისი არქივი იმდენად დიდი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ შემიტყუა და წიგნის დაწერა გადავწყვიტე.

- რამდენი ხანი მუშაობდით ,,უცნობზე’’, როდის დაიბეჭდა იგი პირველად და რამდენი რედაქცია გამოიცა მას შემდეგ?

- წერა 1983 წელს დავიწყე. 1985 წელს ვაჩვენე ჩემს მეგობარ მწერალს, ბესიკ ხარანაულს, რომელიც ჩემი მეზობელი იყო. ერთი კვირის შემდეგ, როცა წიგნის შესახებ აზრი ვკითხე, ბესიკმა მითხრა, რომ წიგნი სულაკურთან მიეტანა და უკვე გამოსაცემად მზადდებოდა. რაღას ვიზამდი? ცოტა ხანში შეაჩერეს წიგნის ბეჭდვა, ალბათ ვიღაცის პირადი მოსაზრების გამო... ალბათ ვიღაცას არ სურდა, დაბეჭდილიყო სიმართლე გალაკტიონის მძიმე ცხოვრებაზე.

ორი წელი ,,უცნობი’’ სახლში მედო. 1987 წელს ქუთაისში, ჟურნალ ,,განთიადის’’ რედაქტორად დანიშნეს რეზო ჭეიშვილი. მან შემომთავაზა მასალის ,,უცნობის’’ ჟურნალში გამოქვეყნება. გადავწყვიტეთ, პირველივე ნომერში მთლიანად დაგვებეჭდა, რათა კიდევ ვინმეს არ შეეშალა ხელი.

1988 წელს ,,ნაკადულმა’’ გამოსცა წიგნად - 4000-იანი ტირაჟით.

წიგნზე მუშაობას ვაგრძელებდი, ვაგროვებდი მასალას, მოგონებებს...

1991 წელს გამოვიდა განახლებული და შევსებული გამოცემა.

1996 წელს ,,უცნობი’’ მესამედ გამოიცა, მაგრამ ვინაიდან ტექსტი დიდი იყო, ნახატები აღარ შევიტანე... I და II გამოცემებში ნახატები დავბეჭდე, რაც მკითხველისთვის მოულოდნელი იყო, არავინ იცოდა, რომ გალაკტიონი თავისთვის ხატავდა კიდეც.

დღემდე  (ოცდახუთი წელია უკვე) ვმუშაობ გალაკტიონის არქივზე და ,,უცნობზე’’. ლიტერატურის მუზეუმმა გალაკტიონის ოცდახუთტომეულის გამოცემა ჩაიფიქრა და მე კონსულტანტად მიმიწვიეს. გარდა ამისა, გაისად უნდა გამოვიდეს უცნობის ახალი, შევსებული რედაქცია (გამომცემლობა ,,საარის’’ მიერ) და ამით ალბათ ჩემი ოცდახუთწლიანი მუშაობაც დამთავრდება.

- გალაკტიონზე ბევრი წიგნია შექმნილი. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ,,უცნობის’’ პოპულარობა?

- ეს იყო საზოგადოებისთვის უცნობი გალაკტიონი. გარდა ამისა, პირველად ითქვა სიმართლე მისი ცხოვრების შესახებ. როგორც მოგახსენეთ, მანამდეც ვიცნობდი გალაკტიონს, მაგრამ მისი არქივის გაცნობამდე, არ ვიცოდი, თუ როგორი ტრაგიკული პიროვნება იყო იგი. გავბედე, სიმართლე მეთქვა მისი ცხოვრების, მისი თვითმკვლელობის დეტალებისა თუ იმის შესახაბ, თუ რა უსამართლოდ ექცეოდნენ მას. ალბათ ამიტომაა ეს წიგნი საინტერესო.

- გალაკტიონის ხსენებისას, პირველად რა ფიქრი იბადება თქვენ გონებაში?

- დიდი პოეტი, ტანჯული პოეტი, გენიალური პოეტი...

- ის ხომ უყვარდა ხალხს? მაშ რატომ იტანჯებოდა?

- სომხებს ჰყავდათ ერთი სახალხო პოეტი, ავეტიკ ისააკიანი, რომელსაც ემსახურებოდა მანქანა, მძღოლი, ჰყავდა მდივანი. გალაკტიონს ყურადღება მუდამ აკლდა. ხალხს თითქოს უყვარდა, თითქოს ყველა აფასებდა, მაგრამ სათანადოდ არასოდეს ყოფილა დაფასებული. გარდა ამისა, მას არ ჰქონდა ცხოვრების ნიჭი, თითქოს განგებამ სხვა ნიჭით დააჯილდოვა და სამაგიეროდ პრაქტიკული ცხოვრებისთვის საჭირო უნარი მოაკლო.

...ერთხელ ნათურა გადაეწვა და ამაზე მთელი ,,ტრაქტატი’’ აქვს დაწერილი: რატომ ჩაქრა, რა იყო მიზეზი და ა.შ.  ეს უბრალო მოვლენა ტრაგედია იყო მისთვის.

- ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო...

- მართლაც რომ არ იყო... თავად ამბობდა: შეშლილივით ვიყურებიო... არანორმალური იყო, ამ სიტყვის პირდაპირი და კარგი გაგებით, ამოვარდნილი იყო ჩვეულებრიობის ჩარჩოებიდან, ნორმიდან. ნეტა ღმერთი კიდევ ერთ-ორ მასეთ არანორმალურს გვაღირსებდეს!..

- გალაკტიონის რომელი ლექსი გიყვართ ყველაზე მეტად?

- გალაკტიონს სამასამდე შედევრი აქვს დაწერილი. ძნელია ამოარჩიო საუკეთესო ლექსი... ,,ლურჯა ცხენები’’, ,,ეფემერა’’...

სამწუხაროა, რომ ლექსები, რომლებიც სახელმძღვანელოებში შეჰქონდათ, არ არის ნამდვილი გალაკტიონი. მისი ტკივილი, მისი გენიალობა სხვა ლექსებშია...

კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, რომ გალაკტიონის შედევრებს თვით ვაჟა და რუსთაველიც ვერ დაწერდაო. ძალიან მაღალი შეფასებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ლექსი მუსიკალურ სამყაროსთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ეს გალაკტიონის შედევრებშია. გალაკტიონი აზრისა და მუსიკის საზღვარზე გადის... გალაკტიონმა ყველას ასწავლა უკეთესად წერა, თუმცა ყველა ამას არ აღიარებდა.

- თქვენი აზრით, რომელ წლებშია გალაკტიონი უკვე გალაკტიონი?

- გალაკტიონის შემოქმედება შეიძლება 4 პერიოდად დავყოთ:

                                      I.      მოსამზადებელი პერიოდი, როცა იგი, შეიძლება ითქვას, აკაკის მოსწავლეა.

                                   II.      1915 - 1926 წლები, როცა მასში გენიამ გაიღვიძა. ამ პერიოდში მხოლოდ შედევრებს ქმნიდა.

                                 III.      1928 - 1936 წლები - დაშინებული გალაკტიონი. ამ პერიოდში, ძირითადად, იდეურ ლექსებს წერდა.

                                IV.      ბოლო ეტაპი, როცა დაიბრუნა თავისი ხიბლი და მართლაც სრულყოფილ ლექსებს წერდა.

  მაგრამ 1915-26 წლები მაინც სულ სხვა იყო. სწორედ ეს გახლავთ გალაკტიონის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები.

- ახლა თქვენს პოეზიას შევეხოთ...

მაგრამ ბატონმა ვახტანგმა სიტყვა არ დაგვასრულებინა - ,,გალაკტიონის გვერდით?!” არანაირმა მცდელობამ არ გაჭრა, თუმცა ბატონი ვახტანგი დაგვპირდა, რომ სხვა დროს აუცილებლად გაგვესაუბრება თავის შემოქმედებაზე.

 

P.S. ბატონი ვახტანგისაგან მივიღეთ ნებართვა, გალაკტიონის ვებგვერდის შექმნისას ვისარგებლოთ ,,უცნობით’’.

 

 ევა ბოლქვაძე

VII1  კლასი

 სტუმრად ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან

ჭაბუა ამირეჯიბი ცოცხალი კლასიკოსია, მისი ,,დათა თუთაშხია’’ კი - ყველა ქართველისათვის საყვერელი ნაწარმოები, უფრო მეტიც - სამაგიდო წიგნი!

ჩვენი ჟურნალის სახელით, ქ. თბილისის №43 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ბატონ ჭაბუა ამირეჯებს ვულოცავთ დაბადების დღეს!

 

- ბატონო ჭაბუა, მე ვარ ევა ბოლქვაძე. ამჟამად ვცხოვრობ ლადო ასათიანის (ყოფილი ენგელსის) ქუჩა № 39-ში, სადაც თქვენ დაიბადეთ და გაატარეთ ბავშვობა 13-14 წლამდე. თუ შეიძლება, მიამბეთ, როგორი იყო თქვენ დროს ეს ეზო, ქუჩა, უბანი და რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად.                        

გმადლობთ ყურადღებისთვის

მე რომ დავიბადე, ეს ქუჩა ბებუთოვისა იყო - ნიკოლოზ მეფის ერთ-ერთი გენერლისა. გაგონილი მაქვს, ვითომ ეს გენერალი ქართველი ბებუთიშვილი იყო. თუმცა, არა მგონია, ამას მნიშვნელობა ჰქონდეს. ხედავთ, რა დროებმა გაიარეს? კომუნისტებმა  ენგელსის ქუჩად გადანათლეს, დამოუკიდებლობამ - ასათიანის ქუჩად... აღარ მგონია, ოდესმე ახალი ნათლია გამოჩნდეს.

ახლა ეზოს რაც შეეხება... მაშინდელი ეზო თავისი ეთნიკური შემადგენლობით მთელი თბილისის სახედ გამოდგებოდა. აი, გვარები, მესამე სართულიდან დავიწყებ, მარცხნიდან მარჯვნივ: საგინოვიჩები და ანშილევიჩები - რუსი ებრაელები. ამირეჯიბები - ქართველები. ოლღა ივანოვნა - ბებიაჩემის ნათქვამიდანგორელი ,,მეფაიტვნის“ - გოლას ცოლი - სომეხი. ანასტასია უვალოვა - წარმოშობით გრაფინია, კომუნისტების ხელში ქალის ქუდების - ,,შლიაპების“ მკერავი. მასთან მოდიოდა ხოლმე თბილისის რუსული თეატრის მსახიობი და აგრეთვე, ცხადია, გრაფინია. მის გვერდით პრიმა ტერ-გუკასიფი შვილით - ბაბკუნათი და ცოლით - აგრაფინათი, რომელსაც ბავშვები რატომღაც გრაფინიას ვეძახდით. შემდეგ ალექსანდრე დევდარიანი მრავალრიცხოვანი ჯახით - სომხები. მეორე სართული - წოწოლაშვილები, ამ სახლის ყოფილი მფლობელები და ნამთლაშვილები - მათი სიძის ოჯახით. სხვათა შორის ნამთლაშვილების უფროსი ვაჟი, შემდგომში ნამგალაშვილი, სერიალ ,,დათა თუთაშხიას“ მთავარ ოპერატორად მოევლინა თბილისს. ესენი ქართველი ებრაელები იყვნენ. შემდეგ რაისა ივანოვნა  ბალასანიანის ოჯახი - შვილს მისაკა ერქვა. მერე კიდევ სომხები, რომელთა ბინაში, უკვე ამ სახლიდან ჩვენი ოჯახის ნინოშვილის ქუჩაზე გადასვლის შემდეგ, ებანოიძეების ოჯახი დასახლდა. პირველ სართულზეველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის გვარი იყო კარაკაშვილი. ამათი ეროვნება არასოდეს მცოდნია. მერე ნანდოშვილები - დედა და ორი შვილი, რომელთა გამო ,,გორა მბორგალში“ ყველაფერი მაქვს ნათქვამი - ტრაგიკული ოჯახი! შემდეგ ასირიელების ოჯახი, რომელთა გვარი აღარ მახსოვს და პირველი სართულის მინაშენში საოცრად დადებითი და ყურადღების ღირსი სიმონა ილოშვილი - მეეზოვე. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი დიდი ჩეკისტის, მოსე ვარამაშვილის ცოლი გახლდათ (ის ჩეკისტი ოცდაჩვიდმეტში დახვრიტეს). მეორე - საცოდავი ელო, კუზიანი გოგო.. 

აი, ასეთი იყო ჩემ დროს თქვენი ეზო და თბილისიც თავისი ეთნიკური შემადგენლობით, სხვათა შორის, მაგ ქუჩაზე, როცა იგი ენგელსისა იყო, დაიბადა და აღიზარდა თბილისის ცნობილი მოქალაქე ბადრი პატარკაციშვილიც.

- როგორია თქვენი (85 წლის ჭაბუა ამირეჯიბის) დღევანდელი შეხედულება თბილისზე, ქალაქელობაზე, ნამდვილ თბილისელობაზე და დღევანდელ ახალგაზრდობაზე?

,,იცვლებიან დრონი და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად“ - ამ ლათინურ ანდაზას ხშირად ვიყენებ, რაც მკითხველებმა და რედაქტორებმა შენიშნეს კიდეც. რატომ ვიყენებ? იმიტომ, რომ სხვადასხვაგვარ კითხვებზე პასუხის გაცემა მიხდება, როგორც კერძო საუბრებში, ისე ინტერვიუებში. თქვენი შეკითხვების პასუხად მოგახსენებთ, რომ დროთა ცვალებადობას საზოგადოებისა და პიროვნების ზნეობრივ-სოციალური პრიორიტეტების ცვალებადობა მოაქვს. აქაოდა ძველი, განვლილი დროების მოქალაქე ვარ, არ შემიძლია იმდროინდელი კრიტერიუმით შევაფასო დღევანდელი ადამიანი და არსებული ვითარება - მართალი არ ვიქნები. ჩემი შეხედულებით ყველაფერი ისეა, როგორც დროთა ცვალებადობამ მოიტანა. თბილისი როგორია? ისეთია, როგორიც დრომ მოიტანა. ასეთივეა ახალგაზრდობა და თბილისელებიც.

- რას უსურვებთ თქვენს საყვარელ თბილისს და საქართველოს?

- ჩემი პასუხი, როგორც ყოველთვის, ერთია: ”ჭკუით ქართველობო!”

 თბილისი

12 ნოემბერი 2006 წელი

 

ნუცა მაცაბერიძე

სალომე გორგოშიძე

პაატა გაიხარაშვილი

X კლასი

ინტერვიუ ბატონ ნოდარ ტაბიძესთან

 

ნოდარ ტაბიძე გვეუბნება, რომ სამი მწვერვალი არსებობს ქართულ ლიტერატურაში, ეს არის: რუსთაველი, ვაჟა და გალაკტიონი. სწორედ ეს სამი ადამიანი მიაჩნია მას ქართულ პოეზიაში უბრწყინვალესად. იგი არასოდეს წერს `დიდი გალაკტიონი~, იგი თვლის, რომ გალაკტიონი თავად არის მეტაფორა, ეპითეტი. ბევრი რამ დაწერილა გალაკტიონზე. თავად ნოდარ ტაბიძემ 5 წიგნი მიუძღვნა გალაკტიონს, მან ისეთი ფაქტები და მოვლენები წამოწია წინა პლანზე, რომელთა გახმიანებაც სხვებს არ შეუძლიათ. ბატონი ნოდარისთვის გალაკტიონი არის კოსმოსიდან მოსული პიროვნება, ამიტომ ამ გენიის შეფასება ჩვეულებრივ მოკვდავთა თვალთახედვით მას ცოტა უცნაურადაც კი ეჩვენება. ამჯერად მისი უპირველესი ამოცანაა ფაქტების დაგროვება. იგი ამბობს, რომ გენიოსის ცხოვრება შელამაზებას კი არ მოითხოვს არამედ ახსნას, ამ შემთხვევაში კი უმთავრესია ფაქტების დაგროვება.

 - რამდენი წლის იყავით როდესაც გალაკტიონი გარდაიცვალა?

- გალაკტიონი რომ გარდაიცვალა მე მაშინ 27 წლის ვიყავი, ბოლო 12 წელი მასთან ვცხოვრობდი... ამასწინათ გადავხედე ძველ დღიურებს და არც კი მახსოვდა, იმდენი ჩანაწერი მქონია. ალბათ ეს მასალები თავს მოიყრის ჩემი ტეტრალოგიის მე-4 ტომში.

ზოგჯერ ცუდ განწყობაზე რომ ხარ, კარგი ლექსი გაგახსენდება, ან კარგი მუსიკის ჰანგები და უცბად მაღლდები...

გალაკტიონი იმდენად დიდია, რომ თაობებს ეყოფა!..

- ბატონო ნოდარ, როგორი იყო გალაკტიონი ნათესავებთან ურთიერთობაში?

- ნათესავებთან დამოკიდებულებაში გალაკტიონი იყო ურთულესი, ძალიან შორს იყო ყველა ნათესავისაგან. ანტიპოდები იყნენ ის და ტიციანი, ტიციანი ზრუნავდა ნათესავებზე, სოფელზე, მამულზე, გალაკტიონი კი – არა. განა იმიტომ, რომ მას არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ იგი სხვა სამყაროში დაფრინავდა, ამიტომ გალაკტიონს ამას ნაკლად ნუ ჩავუთვლით.

გალაკტიონს მეგობრებიც არ ჰყავდა. იგი იყო ურთულესი ბუნების ადამიანი. იმ წლების მანძილზე, რაც მე გალაკტიონთან ვცხოვრობდი, არ მახსოვს, ჩვენთან სტუმარი მოსულიყოს. მის კაბინეტშიც ვერავინ შევიდოდა.

ზოგჯერ გვინდა, რომ გალაკტიონი სხვადასხვაგვარად წარმოვსახოთ და ლეგენდები იქმნება. ალბათ გახსოვთ, გავრცელებულია ერთ-ერთი სიტუაციის აღწერა, რომ ერთხელ გალაკტიონი დუქანთან მივიდა, მოითხოვა ლუდი და არაყი. ოთხი ჭიქა გაავსეს. გალაკტიონმა ჩააპირქვავა ჭიქა, მოისვა წვერზე ხელი და თქვა: `ასე აჯობებს,Mმთვრალი ვეგონები ხალხსო~. ეს არის ლეგენდა, რომელიც შეთხზა ხალხმა. გალაკტიონი დაავადებული იყო. რომ დაიწყებოდა ეს საშინელი სიტუაცია, ის დილიდან საღამომდე სვამდა. ამ დროს ერთი ჭიქა საკმარისი იყო, რომ დამთვრალიყო. ერთადერთი გზა იყო მისი სამკურნალო კომბინატში მოთავსება. წავიყვანდით იქ, დავაწვენდით და გამოკეთდებოდა - ერთ წვეთს არ დალევდა ამის შემდეგ, მაგრამ მერე ისევ აწყენინებდნენ, გააბრაზებდნენ და ისევ იწყებდა სმას.

ერთხელ რუსთაველზე მივდივართ და ნახევრად მთვრალი კაცი გამოჩნდა, დაუძახა გალაკტიონს და ანიშნა ოდეკოლონზე, რომელიც პიჯაკში ედო, გალაკტიონი კი სწრაფად გამობრუნდა და დააღწია თავი.

აი, გალაკტიონი ისევ ცუდად იყო... 17 მარტს მითხრა: არა მგონია, ადგილი ჰქონდეთ, მაგრამ კარგს იზამ თუ გამომყვები საავადმყოფოშიო. მეც დავეთანხმე, ჩავაცვი პიჯაკი, მანქანა გავაჩერეთ და წავედით. რომ მივუახლოვდით საავადმყოფოს, გალაკტიონმა უთხრა მძღოლს: ”გარეკე!” და გავაგრძელეთ გზა, შემდეგ გადავიდა, დალია არაყი, მიაყოლა ჯონჯოლი, ჩაილაპარაკა: ”არ გამოვცოცხლდი კაცი?!” ამის შემდეგ რუსთაველისაკენ გავემართეთ. გზაში მძღოლს ესაუბრება:

- შვილები გყავს?

- დიახ, ორი და მალე შვილიშვილსაც ველოდები.

- ჰოდა, უთხარი შენს შვილებს, რომ გალაკტიონი ნახე. იცი, როგორ ვუყვარვარ ახალგაზრდობას?

ყელმოღერებული ლაპარაკობდა...

წავიდეთ, იქნებ იყოს ადგილი, - ვუთხარი მე და საავადმყოფოსკენ გავემართეთ. მივედით. ნაცნობი ექიმები გადაეხვივნენ გალაკტიონს და უთხრეს: ”დღეს ადგილი არ გვაქვს”.

18 მარტს დილით ისევ ვკითხე: როგორ ბრძანდებით? მან კი მიპასუხა: არა მიშავს რა, - თან ხელებს იფშვნეტდა. უკვე ისეთ დღეში იყო, რომ წინააღმდფეგობის გაწევის თავიც კი აღარ ჰქონდა. შეგვხვდა ნაცნობი ექიმი და უთხრა გალაკტიონს: მალე მოვა შენი ძმაკაცი კალე (მთავარი ექიმი) და აუცილებლად აღმოგიჩენს ადგილს. ვდგავართ ბატონი კალეს კაბინეტის წინ. აი, მოვიდა მთავარი ექიმიც:

- რა დაგემართა გალაკტიონ?

- ვკვდები... გრიპი... გაციება... სურდო (რაღა თქმა უნდა, ყველაფერი არ დაასახელა)...

- გიშველი რამეს, ახლავე ავალ და გიშოვი ადგილს.

მართლაც აღმოჩნდა ადგილი. შევიყვანე გალაკტიონი ოთახში, ჩავაცვი საავადმყოფოს ტანსაცმელი, გამოვედით ვესტიბიულში და ვხედავთ მწერალთა დელეგაცია მოდის, შალვა დადიანის ნეშტი უნდა გადაასვენონ მთაწმინდაზე. ერთადერთი, ვინც დელეგაციას გამოეყო, იყო ირაკლი აბაშიძე, ანუგეშა გალაკტიონი და წავიდა. სხვა არც ერთ მწერალს გალაკტიონისკენ არ მოუხედავს.

გალაკტიონმა გამომშვიდობებისას მომცა დავალებები და წამოვედი. მოვედი სახლში და ორ საათში გაისმა ავბედითი წკრიალი ტელეფონისა: ”გალაკტიონი აღარ არის”...

რა თქმა უნდა, ძალიან უნდათ, ყველამ ჩათვალოს, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა, მაგრამ არავის უყვარს სიცოცხლე ისე, როგორც გალაკტიონს უყვარდა. ეს ავადმყოფობა საშინელი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოდიხარ - ბურანი იქმნება. სწორდ ამ დროს უნდა სიფრთხილე, რომ საშინელება არ ჩაიდინოს კაცმა, გონება ვერ არის თავის რიგზე.

...გალაკტიონი იხდის ხალათს და დებს. ლოგიკურად იბადება კითხვა: რატომ არ გადახტა ხალათიანი? მე მაქვს ამის ჩემებური ახსნა - ამ დროს მას ქვემოთ ესახება ზღვა. იხდის და უნდა, რომ შეცურდეს ზღვაში. გალაკტიონს თავი არ მოუკლავს, ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ასახსნელი გალაკტიონთან დაკავშირებით, არა მარტო პოეზიაში, არამედ ცხოვრებაშიც. მე ძალიან ვეტანები ლეგენდებს, რადგან ეს არის საზოგადოების წარმოსახვაში დიდი მოღვაწის წარმოჩენა, ეს არის ხალხის დამოკიდებულება. ყველაფერს ვიწერ და სწორედ ამიტომ, ჩემზე დიდი არქივი გალაკტიონისა არსად არსებობს. ვალდებული ვარ კიდეც...

- ცოტა რამ გვიამბეთ მის შემოქმედებით ლაბორატორიაზე.

- გალაკტიონი იყო უდიდესი შრომისმოყვარე, შეეძლო ზუსტად 22 საათი ემუშავა. ეს იშვიათობაა. ნახავ გალაკტიონის ხელნაწერებს და გაოგნდები, იმდენჯერ აქვს გადახაზული ფრაზები. შემდეგ ისევ უბრუნდებოდა ამ ლექსს და ხვეწდა, მაგრამ დიდი ოსტატის გამარჯვება ის არის, რომ იმგვარად დახვეწავს ლექსს, რომ ვერ მიხვდები, ეს თუ ამდენი ,,სწორების’’ შედეგია.

- როდესაც გალაკტიონზე ფიქრობთ, პირველი რა იხატება თქვენს გონებაში, როგორ ჩნდება გალაკტიონი?

- გალაკტიონი ჩნდება ურთულეს პიროვნებად, რომელსაც ვუყურბ, მინდა შევიმეცნო და ვერ ვახერხებ. გალაკტიონმა, უპირველეს ყოვლისა, მასწავლა ერთი რამ - მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა! აგრეთვე ის, რომ ადამიანი უნდა იყო მიმტევებელი და გიყვარდეს პოეზია.

ამასწინათ ვიყავი მუზეუმში, სადაც გალაკტიონის ტვიანია დაცული. ძალიან ავღელდი, გამახსენდა ძალიან ბევრი რამ... რა არის მარტო ტვინი? ფაქტიურად არაფერი, მაგარამ ეს ძალიან კარგია, უნდა შევინახოთ გენიოსის ტვინი. კაცმა არ იცის, მერე რა კუთხით მივუდგებით ამას და რას დავამუშავებთ.  

და ბოლოს, გალაკტიონს არ უნდა შელამაზება, გალაკტიონი იმდენად დიდია, რომ მას ახსნა უნდა!

 

Copyright © 2006 43 საჯარო სკოლ

Hosted by uCoz