თავფურცელი | უცნობი ფურცლები | ლიტერატურული ძიებანი | პოეზია | პროზა | თარგმანები | გაკვეთილები | ჩვენ შესახებ

№43 საჯარო სკოლა

ქ. თბილისის №43 საჯარო სკოლაში გამოდის ორი ჟურნალი:

1. ლიტერატურული ჟურნალი ”45 წუთის მიღმა”

2. საინფორმაციო შემეცნებითი ჟურნალი ”გზა შემეცნებისკენ”

 

რაა მამული?

ფიქრები პაოლო იაშვილის ,,სამი ტკივილის“ გამო

რამდენიმე დაკვირვება გიორგი ლეონიძის პოეტური ენის ექსპრესიულობაზე

 

IVკლასის მოსწავლეები

(ნაკრები)

რაა მამული?!

 რაა მამული?

მამული არის ღვთისმშობლის ხატი - ენ ხარ ვენახი, გელათის დავით აღმაშენებლის ფრესკა, სიონის წმიდა ნინოს ჯვარი...

მამული არის სიტყვები, ილია ჭავჭავაძემ რომ დაგვიბარა: ”ენა, მამული, სარწმუნოება”.

მამული ის ადგილია, სადაც ჩვენი მამა-პაპა დაიბადა და გაიზარდა, სადაც ჩვენი წინაპრები მუშაობდნენ დარსა და ავდარში... თესავდნენ და მკიდნენ, საქონელს უვლიდნენ, მოჰყავდათ სიმინდი, ყურძენი, წურავდნენ ღვინოს... იბრძოდნენ, ილხენდნენ და მუდამ მღეროდნენ:

”სამშობლოს არვის წავართმევთ,

ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,

თორემ ისეთ დღეს დავაყრით,

მკვდარსაც კი გაეცინება”.

მამული არის საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი. მამული არის ჩემი სოფელი, ჩემი ქალაქი, ჩემი ეზო და ჩემი სკოლა. ჩემი მამულია იაკობ გოგებაშვილი და ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა, ტატოს მერანი და გალაკტიონის ,,ნიკორწმინდა’’. მამული არის ყველაფერი, რაც საქართველოს გააჩნია.

...ყველაფერი, რაც გვიყვარს მამულისაა, მამულიდან მოდის, მაულიდან იწყება. ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს - მამულია!!!

 

 

 

დიმა ბლუაშვილი

VI კლასი

ფიქრები პაოლო იაშვილის ,,სამი ტკივილის“ გამო

 

,,საქართველოში არ იწამეს

 ჩემი დენდობა.

 მე მახალისებს მხოლოდ ჩემი

 სალტომორტალე,

 მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი

 თუკი მენდობა,

 ხალხის წინაშე მე ვიქნები

 მუდამ მართალი.

 შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის

 ყვითელ ხავერდსა

 და რუსთაველთან გადავდივარ

 მე ალავერდსა!“

            ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს პაოლო იაშვილის მრწამსი, პოეტური სამყარო და განსაკუთრებით მაშინდელი დრო, დრო, რომელმაც მოურჩენელი იარა მიაყენა პოეტის სულს.

             გერონტი ქიქოძე იგონებს: ,,ეს ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით  განათებული დარბაზი, ტაშით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა... ცხელ 1937 წლის 22 ივლისს,საღამოს, სანამ იგი მწერალთა კავშირის მეორე სართულზე ავიდოდა, რათა იქ ჟაკანის ტყვიით თავის ქალა აეფეთქებინა, უკანასკნელი რიგის სკამზე დაჯდა, რამდენიმე გონებამახვილური რეპლიკა მიაწოდა ერთ თავის მეგობარ მწერალს, ხოლო როდესაც ამ უკანასკნელმა მას პაპიროსი სთხოვა, მან ღიმილით უპასუხა: კიდევ რამდენ ხანს აპირებ ჩემს ხარჯზე ცხოვრებასო...“

            1996 წელს გაზეთ ,,ბახტრიონში“ ილიასადმი მიძღვნილ ერთ წერილში პაოლო იაშვილი წერდა: „...საქართველოში თვითმკვლელობა და მკვლელობა ორივე ბუნებრივი ხვედრია პოეტისათვის“.

            სწორედ, ასეთი ,,ბუნებრივი ხვედრით“ გადაწყვიტა პაოლომ განთავისუფლება სულის ტკივილისაგან, ტკივილისაგან, რომელიც ასე სტანჯავდა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პაოლო შეეცადა საკუთარი სულის და ერთადერთი ქალიშვილის მომავლის გადარჩენას.

            13 წლის ქალიშვილს სიკვდილის წინ წერილი დაუტოვა, სადაც პატიებას სთხოვა ამ ,,უდიდესი დანაშაულის“ გამო. ამასთან დარწმუნებული იყო, რომ შვილი ოდესმე გაუგებდა: „...გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა...“

            შვილთან დამშვიდობებაში კარგად ჩანს პაოლო იშვილის ცხოვრების პრინციპი. ერთადერთ ქალიშვილსაც ამ პრინციპს უზიარებს: ,,მშვიდობით, მამიკო, მედეა, მედეა, მშვიდობით. ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი სთქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები და შენი მამა, შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა“.

            პაოლო იაშვილი იყო სიმბოლიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სიმბოლისტური პოეზიით მან შეძლო სამყაროსა და ადამიანური ყოფის უხილავ სიღრმეებს ჩასწვდომოდა.

            პაოლო იაშვილის უპირველესი ასპარეზი პოეზია იყო. იგი ქმნიდა მშვენიერ ლექსებს და პოეტურ სახეებად გარდაქმნიდა მთელ განცდებს, შთაბეჭდილებეს და რა თქმა უნდა, ტკივილებს, მისი ცხოვრება ხომ  ტკივილით იყო სავსე.

            ესკიზში „სამი ტკივილი“ პაოლო იაშვილი გვიამბობს ბებერი ფიჭვის და მისი შვილების გრძნობებზე. მწერალი ისე მძაფრად და ექსპრესიულად გადმოგვცემს გრძნობებს, ემოციებს, რომ ჩვენც იმ ტკივილის მოზიარენი ვხდებით, რაც ფიჭვებმა განიცადეს.

            პაოლო იაშვილი ამ ნაწარმოებით თითქოს ტკივილის სიღრმეებს ჩასწვდა და სურს, რომ მკითხველიც დააფიქროს ამ საკითხზე.

            ტკივილი... რა არის ტკივილი? ტკილი არსებობს რამდენიმეგვარი. ხორციელი ანუ ფიზიკური და სულიერი, რომელსაც ზოგჯერ გულისტკივილს ვეძახით. ფიზიკური ტკივილი, რაც არ უნდა მწვაე იყოს, გარკვეული დროის შემდეგ გავიწყდება, ის დროსთან ერთად ნელ-ნელა ქრება, სულის ტკივილი  კი რთულია. ამ ტკივილს ვერანაირი ხოციელი ტანჯვა ვერ გადაფარავს. ის ერთიანად შეძრავს ხოლმე ადამიანს.

            ტკივილით გაბზარული გულის მოშუშება თითქმის შეუძლებელია. ჯერ კიდევ სულხან-საბა გვასწავლიდა, რომ დაოკოდილი თავი მთელდება, დაკოდილი გული კი - არა. ასეთია გულისტკილი. კიდევ არსებობს რაღაც უფრო ძლიერი, უფრო შინაგანი, უფრო რთული ტკივილი, რომელსაც შეიძლება სულის ტკივილი ვუწოდოთ. ეს უძლიერესია ტკივილთა შორის და უფრო რთულად განსაკურნი. სულისტკივილი დიდბუნებოვან ადამიანთან ხვედრია. გულისტკივილი შეიძლება ყოველწამს განვიცადოთ, თუკი, ვთქვათ, რამე გვეწყინება, რამეზე გული დაგვწყდება.

            სულიერი ტკივილის მიზეზი კი ასე მარტივი არ არის. ეს არის იდიდი ტანჯვა, როცა ადამიანი ვერ ეგუება რაღაცას, თუნდაც რეალობას, როცა გენიოსი ვერ თავსდება ჩარჩოებში ან სულაც უმეგობრობით იტანჯება.

პაოლოსათვის უცხო არ იყო ეს გრძნობა. ამიტომაც შეძლო მან პატარა ესკიზში სხვისი ტკივილის მძაფრად და მთელი არსებით შეგრძნება, გათავისება და სხვებისთვის გაზიარებას.

            „სამი ტკივილი“ თითქოს რაღაცით ვაჟას „ხმელ წიფელს“ ჰგავს. ვაჟა გვაცნობს უკვე წასაქცევად განზადებული ბებერი ხის განცდებს. მისი სიხარული მხოლოდ მის ფესვებთან ამოყრილი ყლორტია.  პაოლოს ბებრი ფიჭვიც ამაყია, როდესაც მის ახლოს წამოზრდილ ორ პატარა ფიჭვს ხედავს. ის ბედნიერია, როცა მის ტოტებზე ფრინველები სხდებიან და გალობენ.

            ვაჟაც და პაოლოც ცდილობენ, საზოგადოებას დაანახონ, რაოდენ შეუბრალებელი, სასტიკი, დაუნახავი და უგრძნობი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ, ვაჟასგან განსხვავებით, პაოლო თითქოს ფაქტებს გვაცნობს და განსჯა მკითხველისთვის მიუნდია.

მიუხედავად მრავალი მსგავსი მომენტებისა, პაოლო იაშვილის „სამი ტკივილი“ ძლიერ განსხვადება ვაჟას მოთხრობისაგან.

            ტყის მცველის ბრძანებით მოჭრილი ბებერი ფიჭვი ცდილობს, ისე წაიქცეს, რომ არც ერთ შვილს ტოტი არ ატკინოს, თუმცა, ადამიანის შეუბრალებლობამ მათ პირველი საშინელი ტკივილი მაინც მიაყენა - ეს იყო დედის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი.

            ტყუპების მეორე ტკივილის მიზეზი კვლავ ადამიანია, უფრო სწორად, ცხოვრება, ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. ქარხნის პატრონმა მოაჭრევინა პატარა ფიჭვები. ტივად შეკრული ტყუპები ერთმანეთს ეკვროდნენ, კანკალებდნენ, ეშინოდათ, დინებას ერთმანეთისთვის არ დაეშორებინა ისინი, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო - ტყუპები ერთმანეთს დაშორდნენ. ეს იყო მათი მესამე ტკივილი.

            ბედმა დები კვლავ შეახვედრა, მაგრამ ლურსმნები არ უშვებდნენ, რომ მიალერსებოდნენ ერთმანეთს და... კვლავ ადამიანი თუ უბრალოდ ყოველდღიურობა - კალატოზმა კედელი შელესა. დებს თვალები შეეკრათ, სული შეეხუთათ, თუმცა, ეს ტკივილი აღარ იყო, ეს იყო სამუდამო სიჩუმე ანუ სიკვდილი.

            პაოლო არ საუბრობს ადამიანის ბრალზე, თუმცა აშკარაა, რომ ტკივილში ბრალი ადამიანს მიუძღვის. განა ასე არ ხდება ცხოვრებაშიც? როგორც ამბობენ: ადამიანი ეშმაკზე უარესია, რადგან ეშმაკი თავისიანს ანუ ეშმაკს არ ერჩის, ადამიანი კი დაუნდობელია არა მარტო ცხოველისა და მცენარის არამედ თვით ადამიანიც მიმართაც.                                                       ამით ადამიანი სამყაროს ჰარმონიას არღვევს, მაგრამ ვაი, რომ ამაზე არ ფიქრობს!

            შეიძლება ერთი შეხადვით მოგვეჩვენოს, რომ ეს ყველაფერი იკითხება ვაჟა-ფშაველას ესკიზებიდანაც, მაგრამ ,,სამი ტკივილის’’ მთავარი მომენტი მაინც სხვაა. ყოველივე ზემოთქმული უკვე მკითხველისმიერ განსჯაა, ის, რაც სტრიქონის მიღმა ჩანს. პაოლოს მიზანი კი ტკივილის არსის ჩვენებაა. მწერალი ცდილობს, ისე ლაკონურად და ექსპრესიულად გადმოგვცეს სათქმელი, რომ უბრალოდ სხვის ტკივილის მხილველი ან მოზიარე კი არ გაგვხადოს, არამედ ზოგადად ტკივილის არსზე დაგვაფიქროს.

            პაოლო იაშვილი გულისშემძვრელი განცდით გვესაუბრება, გაგრძნობინებს განშორების სიმწარეს, განშორებასა, რომელიც, შეიძლება ითქვას, სიმბოლოა მარადიული გაყრისა.

            ფიჭვების ტკივილი იმიტომ არის გულისშემძვრელი, რომ ხორციელი კი არა, სულიერია, გულისტკივილს, სულისტკივილს რომ ვუწოდებთ სწორედ ის ტკივილია. ნაწარმოებში ეს ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება, სულისშემძვრელი ხდება, კულმინაციას აღწევს და... მთავრდება კიდეც სიცოცხლე. ეს მართლაც პაოლოს ცხოვრებაა!

            პაოლოს ფიჭვებისაგან განსხვავებულ ხედვა აქვს ანდერსენის ნაძვს. პატარა ნაძვი, რომელიც დაბურულ ტყეში იზრდება, ოცნებობს, გაიზარდოს, ადამიანებმა შეამჩნიონ, მოჭრან, სამყაროს დასათვალიერებლად, სამოგზაუროდ წაიყვანონ. ნაძვი ოცნებობს, მშვენიერებით სხვებიც დაატკბოს. და აი, ნატვრა აუხდება კიდეც - მას ოჯახში მიიტანენ, საშობაოდ მორთავენ და მოკაზმავენ. მისი მშვენიერება ყველას ხიბლავს, ყველა სიხარულით შესცქერის, მაგრამ რა? შობის შემდეგ სხვენზე შეაგდებდნენ და ის აღარავის ახსენდება. ნაძვი ტკივილს მაშინ გრძნობს, როცა მის გამხმარ ტოტებს ცეცხლში შეუკეთებენ.

            პაოლოს და ანდერსენის ხეები სრულიად განსხებულად უყურებენ იმას, რაც მათ გარშემო ხდება. ანდერსენის ნაძვი თითქოს სიცოცლის შეცნობას ცდილობს, თითქოს მშვიდად იღებს მოსალოდნელს და მოსახდენს. პაოლოს ფიჭვები კი უჩუმრად საუბრობენ იმაზე, თუ რაოდენ მძაფრი შეიძლება იყოს სულისტკივილი. მათი ცხოვრება ტკივილით იწყება და ტკილით მთავრდება.

            შეიძლება, ნაძვისთვისაც მტკივნეული იყო ჭრილობა, მაგრამ მას ოცნება უშუშებდა ამ ტკივილს. სამყაროს შეცნობა იყო მისი უმთავრესი მიზანი. ის თითქოს ამ მოჭრით იშვა. შეიძლება მტკივნეულად, მაგრამ ამას ხომ არავინ დაეძებს, ამაზე არავინ საუბრობს, რადგან ამ შემთხვევაში, ტკივილი რაღაცის საწყისია!

            ასე რომ, პირველი ტკივილი განსხვავებულია ნაძვისა და ფიჭვებისთვის, მაგრამ ფინალი მსგავსია - ნაძვი მარტოობის ტკივილს განიცდის, განიცდის, რომ აღარავისთვისაა საჭირო. ფიჭვები კი უერთმანთობის ტკივილს ვერ უძლებენ და ვერ ეგუებიან. ალბათ, ცხოვრება უმტკივნეულოდ არც არსებობს. სიცოცხლე ტკივილით იწყება და, ხშირად, ტკივილითვე მთავრდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაძვი მარტოობის ტკივილისაგან დაწვით თავისუფლდება, ფიჭვებისათვის კი მესამე ტკივილი სამუდამო განშორებაა.

            „ჭეშმარიტი პოეტი თვითონ ქმნის თავის ბიოგრაფიას. შთამომავალთა მეხსიერებაში ის რჩება თავისი ლექსებით, მის მიერვე შექმნილი ცხოვრების წვრილმანებით და ტოვებს მთავარს, არსებითს, იმას, რაც პოეტმა ქაღალდზე დაღვარა და სამუდამო სიცოცხლისთვის ჩაბერა სული“. პაოლო იაშვილი სწორედ ის ჭეშმარიტი მწერალია, რომელიც დარჩება ქართულ ლიტერატურაში წმინდა სახელით, მშვენიერი ნაწარმოებებითა და შეუბღალავი ბიოგრაფით

 

 

გიორგი მეურმიშვილი

VI კლასი

 

რამდენიმე დაკვირვება

გიორგი ლეონიძის პოეტური ენის ექსპრესიულობაზე

 

,,გიორგი ლეონიძის პოეზია იმ ომახიან, მყინვარ სიმღერებსა ჰგავს, ბრძოლაში რომ უძღოდა წინ მტრის დასათრგუნად აბორგებულ ქართველთა მხედრიონს.

ამ სიმღერასმშობელი ერის სიყვარული და მტრის სიძულვილი ასაზრდოებს, ქართული სიტყვის მირონითაა იგი განათლული და ჭეშმარიტი პოეტური შთაგონებით უკვდავყოფილი”, - წერს ბესარიონ ჯორბენაძე.

და მართლაც, მისი ლექსების კითხვისას, არ შეიძლება, აღტაცებაში არ მოგიყვანოთ მისმა უნარმა (საოცარი ხატოვანებითა და მძაფრი ემოციით გადმოსცეს სათქმელი) რომლის მეშვეობითაც მისი ლექსები განსაკუთრებული ექსპრესიულობით ხასიათდებიან.

“დასავლეთის ყვავილები გიორგი ლეონიძემ გურამიშვილისა და ბესიკის ტოტებზე, ვაჟასა და ხალხურობის ძირებზე დაამყნო და ახალი ქართული პოეზიის ხის ნაყოფი თავისებური გემოთი და სურნელებით გაავსო,“ - გრიგოლ აბაშიძის ამ სიტყვებს ჩვენ უბრალოდ დავამატებდით, რომ გიორგი ლეონიძემ იმ ჯიშის ნაყოფი გამოზარდა, რომლის გემოც ყველა ქარველმა უნდა დაიგემოვნოს, შეითვისოს, შეიყვაროს, აიტაცოს.

მოვუსმინოთ, როგორ ახასიათებს გიორგი ლეონიძის შემოქმედებას სარგის ცაიშვილი:

,,მისი პოეტური ხილვები ფერადოვანია და სხვადასხვაგვარ ფერს გამოსცემს…

მისი შედევრები თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი და მკითხველიც ამ პირველქმნილობას განიცდის სიხარულით აღვსილი…

გიორგი ლეონიძე კი არ გვიამბობს, არამედ, პოეტურ სურათებად ალაგებს ცალკეულ ნახატებს’’.

გიორგი ლეონიძე უდიდესი პოეტი იყო და ზედმიწევნით კარგად გამოხატავდა სათქმელს, იგი ხან გულს უპობდა მკითხველს თავისი ექსპრესიული ფრაზებით და შვებითა და სასიამოვნო ემოციით ავსებდა. ასეთი პოეტური ფრაზების შესაქმნელად კი გოგლა იყენებდა ტროპის სახებს, როგორიცაა შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება. ქმნიდა ახალ სიტყვებს და ამით კიდევ უფრო საგრძნობს ხდიდა მისეულ სტილს.

ჩვენი მცირე დაკვირვება სწორედ იმას ისახავს მიზნად, ვაჩვენოთ, თუ როგორ ახერხებს მწერალი სათქმელის მკითხველამდე მიტანას; რა სამკაულებს იყენებს ლექსისათვის; რა საშუალებებით აღწევს გამომსახველობის სიმძაფრეს; რით ამახსოვრებს თავს მკითხველს.

რა თქმა უნდა, ეს ამოუწურავი თემაა და გიორგი ლეონიძის შემოქმედება ზღვა მასალას იძლევა ამ საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენ გავბედავთ და მისი პოეზიის მხოლოდ რამდენიმე წახნაგს შევეხებით.

 

) შედარება

ტროპის სახეებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული შედარება. ამ დროს ორი საგანი ერთმანეთთანაა შედარებული რაიმე ნიშნით. ერთი შეხედვით, ძალიან იოლია შედარების შექმნა, ჩვენ ხომ ყოველდღიურ საუბარშიც ხშირად ვიყენებთ ამ ხერხს, მაგრამ თვითმყოფადი მწერლისათვის აუცილებელია, შედარება, ისევე როგორც სხვა ტროპის სახეები, ორიგინალური და უცხო იყოს და არა სხვათა მიერ უკვე ნათქვამი, ნაპოვნი, შეიძლება ითქვას, გაცვეთილი. ამ მხრივ გიორგი ლეონიძის შემოქმედება, მით უმეტეს პოეზია, მეტად მდიდარ მასალას იძლევა.

გიორგი ლეონიძე შესანიშნავ შედარებებს ქმნიდა და ამით მეტ გამომსახველობას სძენდა ლექსებს. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

„ფასკუნჯის ფრთებქვეშ ვეფხვი  მწოლარი,                                                                       

ჩასაფრებული, როგორც ფირალი“ (.., 197,12).                                                                                                                                                                         

საოცარი შედარებაა - ვეფხვი ელის თავის მსხვერპლს - ყაჩაღივითაა ჩასაფრებული. თითქოს გოგლაც ამ ვეფხვივით იყო ჩასაფრებული, რომ თავისი ექსპრესიული გამონათქვამებით მკითხველის გული განეგმირა.

გიორგი ლეონიძის პოეზიაში მრავლადაა ფრაზები, სადაც რამდენიმე პოეტური სახეა დაჯგუფებული:

„ცისარტყელა ბრიალებდა

ვით ხოხობის ყელი“  (.., 54,14).

,,ვით ხოხობის ყელი’’ - შედარება და მოულოდნელი სიტყვათშეხამება - ,,ცისარტყელა ბრიალებდა’’ - მართლაც მოულოდნელად შეუერთებია ავტორს, რამაც ექსპრესა საგრძნოლბლად გააძლიერა. ფრაზაში ასევე შეინიშნება პოეტური ლიცენციის მაგალითი - უნდა ოყოს ,,ხოხბის’’ და არა - ,,ხოხობის’’, მაგრამ პოეტმა საგანგებოდ დაარღვია გრამატიკული წესი და ლექსის რიტმის შესანარჩუნებლად არ შეკუმშა სიტყვა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ლექსს გამომსახველობას ჰმატებს ის, რომ იგრძნობა, თუ როგორაა პოეტი აღტაცებულია ამ მოვლენით. ეს უშუალობა, გრძნობების თავისუფლად გადმოცემა გიორგი ლეონიძის სტილის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებალია. სწორედ ამ თვისების წყალობითაა, რომ მკითხველს არ უჭირს მის პოეტურ სამყაროში შეღწევა, მისი ემოციების, ფიქრების, გრძნობების გაგება.

 გიორგი ლეონიძე, როგორც ჭეშმარიტი პოეტი, იმას წერდა, რასაც ფიქრობდა და თან უამრავი პოეტურია სამკაულით ამკობდა თავის აზრებს, რაც ზემოთაც აღვნიშნეთ.

საინტერესოა შემდეგი მაგალითებიც:

წყნარი იყო მტრედივითა,

თბილი, როგორც კვარი’’.

,,შენი ბრდღვიალა კალმახი,

აცვია თითქოს ჩითები’’.

,,ცხვრის ფარასავიტ რიყე ეყარა’’.

,,ღვინიან ჯამში

ნარგიზივით მთვარე ცავარდა’’.

,,შენი ფშანების ნაჟური

ლექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი’’.

„თითქოს თავს ოქრო გადამაყარეს,

ვარ თეთრ ვაშლის ქვეშ გაღვიძებული“ (.., 197,12).

ამ ფრაზაში იგრძნობა ავტორის განცვიფრება და სიამოვნება, რაც განთიადმა მოჰგვარა. ეს არაჩვეულებრივი შედარება განთიადის გადმოსაცემად შექმნა ავტორმა და როგორც ვხედავთ, მკითხველსაც მიანიჭა იგივე განცვიფრება, რაც ოდესღაც თავად იგრძნო.

„და გამოჩნდება სამშობლო ჩემი

როგორც მოჭრილი ჩუქურთმა“ (.., 207,21).

სამშობლო ჩუქურთმასაა შედარებული. ამით ავტორმა ძალიან ბევრი რამ გვითხრა. თითქოს ერთი ფრაზებით დაახასიათა საქართველო, გვაგრძნობინა  მისი მნიშვნელობაც და უდიდესი კულტურაც. სამშობლოს სილამაზის გამოსახატავად  უამრავი შედარება შეუქმნია არაერთ პოეტს, მაგრამ ჩუქურთმასთან შედარებული სამშობლო სულ სხვა ეფექტის მატარებელია. იგი თითქოს სიძველესთნ ასოცირდება და თან ხაზს უსვამს იმას, რომ როგორც ოსტატის მიერ მოჭრილი ჩუქურთმა, ისე სამშობლოც განუმეორებელია.

,,ცას ვარსკვლავი ანათებდა,

ვით კამეჩის თვალი’’.

ნუთუ შესაძლებელია ვარსკვლავის სიდიდის უფრო ეფექტურად დახატვა?

„როგორც ფანდური უზარმაზარი

გოლიათისგან აჟღერებული

მღერის შავი ზღვა მკერდის ზანზარით

აჩქეფებული, აღვირებული

მართლაც მეტად ექსპრესიული ნათქვამია! ნათქვამს თავისებურ ხიბლს სძენს ეპითეტების მთელი წყება, მაგრამ მთავარი მაინც შედარებაა. სწორედ შედარება აძლიერებს ემოციას.

როცა ამ სტროფს ვკითხულობ, ვფიქრობ, რომ თავად გოგლა ჰგავდა გოლიათს, რომელიც მთელი სიცოცხლე ფანდურს აჟღერებდა და მისი სიმღერა შავი ზღვის მკერდის ზანზარს ჰგავდა, ულევი იყო, აჩქეფებული და აღვირებული, როგორც შავი ზღვა.

„მე გული წმინდა ვერცხლივით

ხალხის წინაშე ვატარე“ (.., 254,17).

ეს შედარება ნათლად გვაგრძნობინებს, რომ გოგლა მუხთალ ბედს არ ურიგდებოდა და გულს ტალახში არასოდეს სვრიდა, არამედ მას წმინდად ინარცუნებდა, შურსა და ბოროტებას იქ არ გააჭაჭანებდა და რაც მთავარია ამ ყველაფრს შესანიშნავად გამოხატავდა სიტყვებით.

გიორგი ლეონიძის პოეზიაში მრავლადაა გულისმომკვლელი და შემძვრელი ფრაზები. ტკივილის გადმოცემას სწორედ შედარების მეშვეობით ახერხებს პოეტი:

„გათქერეს ქართლი

როგორც ტრამალი“ (.., 355,4).

სტრიქონებიდან შემაძრწუნებელი წარსული იმზირება - ქართლი გათქერეს, გადაუარეს, აღგავეს პირისაგან მიწისა. მსგავსი სიმძაფრისაა შედარება:

,,შავი დროშები ნისლივით

სამშობლოს დაეფინება’’.

მეტად მტკივნეული განცდა იღვრება შემდეგი ფრაზიდანაციდანაც:

„ახლაც თავს მადგას შენი აჩრდილი,

თითქოს ხმალი გაქვს გულში გაჩრილი“ (.., 192,4).

გოგლას პოეზიაში გამომსახველობითი მუხტით გამოირჩევა სტროფები, რომლებშიც ერთმანეთის მიყოლები  რამდენიმე შედარება გვხვდება:

„და სიყვარული არი...

არც არი...

ხან შეივსება, ვით ჯამში ღვინო,

ხან იფანტება, როგორც ნაცარი,

ხან აყვავდება, როგორც ღიღილო;

ხან ჩამოდნება, როგორც ანჩარი“ (.., 269,6).

სიყვარული ამოუხსნელი რამაა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე მრავალ მწერას, ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს უწერია, მაინც რთულია მოკლედ და კონკრეტულად თქვა, რა არის სიყვარული. სწორედ ეს სირთულე, მრავალფეროვნება თუ სიყვარულის უცნაური ბუნებაა გადმოცემული ზემოთმოყვანილ მაგალითში. ავტორს არ ეყო აზრის გამოსახატავად უბრალო შედარება და რთული შედარება შექმნა - ერთი საგანი რამდენიმე რამეს შეადარა.

შედარების მაგალითები იმდენად უხვადაა გიორგი ლეონიძის პოეზიაში, რომ მათ დაძებნაც კი არაა საჭირო, საკმარისია, უბრალოდ, გაიხსენო, რომელიმე ლექსი, რომელიმე სტროფი:

მთვარე შრიალებს ფიჭვივით

დაუსრულებელ ოხვრაში,

ამოდის კოხტა ბიჭივით

ცისკარი ახალ ჩოხაში’’.

,,ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი’’.

,,ისევ აყვავდა გული ვარდივით’’.

,,როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,

სიყვარული ისე დამჯახებია’’.

,,როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,

ქართლის ხეობებს ასდის ნისლები’’.

,,მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,

როგორც წყალში დგას წნორის ძირები’’.

ვფიქრობთ, ეს ფრაზები ყველასთვის ზედმიწევნით კარგადაა ცნობილი და ისინი კომენტარს არ საწიროებენ.

ამრიგად, გიორგი ლეონიძე ხშირად მოუხმობს შედარებებს და მათი საშუალებით აძლიერებს ფრაზის გამომსახველობას. გოგლასეული შექმნილი შედარებები გამოირჩევა სიმძაფრითა და ორიგინალურობით.

 

) მეტაფორა

მეტაფორა შედარებაზე არანაკლებ ლამაზი და ექსპრესიული ხერხია. ის იმით განსხვავდება შედარებისაგან, რომ მოკლე და სხარტია. გიორგი ლეონიძე ხშირად მიმართავს ამ ხერხს და რაც მთავარია, მეტად ოსტატურად იყენებს. მაგ.:

,,ქარი სტამბოლს მიდიოდა -

ქაჯავეთის ქაჯი’’.

,,უკან მოსდევენ ეჟვნებიანი

მათ ვარსკვლავები - ლურჯი კვიცები’’.

„გახსოვთ ჩემი სიჭაბუკე

ახ, როგორი? - მართლაც ქარი“ (.., 2 51,10).

აქ მეტაფორა მარტო ექსპრესიას კი არ აძლიერებს, არამედ სიჭაბუკის არსს გამოხატავს, ხოლო პირველ მაგალითზე ასკარად მიგვანისნებს ქარის ბუნებაზე.

,,ცაა ფირუზის თლილი ფიცარი’’.

ცის ფირუზთან შედარება ახალი არ არის, მაგრამ გიორგი ლეონიძე ამ თითქოსდა ნაცნობ პოეტურ სახესაც ახალ ჟღერადობას სძენს - ,,თლილი ფიცარი’’ - ეს სიტყვათშეხამება სრულიად სხვა ეფექით ტვირთავს ნათქვამს და ჩვენ მხოლოდ ცის ფერს კი არა, მის სრიალა, სწორ ზედაპირსაც ვგრძნობთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ცა უღრუბლოა.

ეფექტურია შემდეგი მეტაფორებიც:

მთვარე გომბორზე წაიქცა -

რძით გავსებული ტაგანი’’.

„შენ, პოეზიის ნაზო გრიგალო,

შენგან აროდეს მომესვენება“ (.., 189,9).

ეს პოეზიის ნაზი გრიგალი XIX საუკუნის პოეტების მუზა ნინა ჭავჭავაძეა. სწორედ მის სილამაზეს უმღერის გოგლა და არნახული მეტაფორებით ამკობს მშენიერებას ქალისას, რომლის სიკეკლუცესაც საუკუნეებმაც კი ვერაფერი დააკლო. მთელი ლექსი მეთაფორათა ჯაჭვს წარმოადგენს:

,,თუ დაგამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი’’…

,,თავშესაფარი რამდენ ოცნების,

იყავ ბანაკი გაზაფხულისა’’.

გიორგი ლეონიძე, ხშირად ტკივილიან და შემზარავ სურათებს ქმნიდა, მაგრამ, ძირითადად, მისი ლექსები დადებითი ემოციის მატარებელია და ყურადღება გადატანილია სიყვარულის, მეგორბობის, მშვენიერების უკვდავებაზე.

„ბრწყინავს ქართლი - ვარდის ბაღი

შეფრქვეული მინანქარით“ (.., 165,2).

მთავარი კი მაინც ისაა, რომ პოეტი სიხარულისა თუ ტკივილის გადმოსაცემად ოსტატურად იყენებდა ტროპის ერთ-ერთ სახეს - მეტაფორას.

ხშირად პოეტი ვერ კმაყოფილდება ერთი მეტაფორით და ნათქვამის გასამზაფრებლად მეტაფორათა მთელ რიგს მოუხმობს:

,,გაშალე… ყველა ფურცელი

არის ფოლადის ნაცარი,

დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,

დევკაცთა ნამამაცარი.

გაშალე… ყველა ფურცელი

გულზე ნაწოლი ლოდია’’…

ვფიქრობთ ამ ფრაზებს ბადალი არ მოეპოვება. ,,ქართლის ცხოვრების’’ ტრაგიზმი, ეს ტკივილიანი, სისხლიანი ისტორია ამგვარი სიმძაფრითა და სიცხადით სხვას არავის დაუხატავს, როგორც ეს გიორგი ლეონიძემ მოახერხა. მეტაფორებით გვითხრა სათქმელი, დაგვანახა წარსული, გვაგრნობინა მისი სიმძიმე და მტკივნეულობა.

ექსპრესიულია შემდეგი მეტაფორებიც:

,,ალაზნის ველი - ხოხბის ყელი’’.

„სიყვარულის მზით ჩახჩახებს გული “(.., 277,17).

,,მთები… მთები…

ბუმბერაზთა საშინელი მხედრობა’’ .

რა შეედრება შემდეგ პოეტურ სტრიქონებს:

,,ხატი იყავ - ვეფხი დაქალებული’’.

,,ცა ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,

და გაზაფხულს რზის სული ასდიოდა’’.

,,შორს ალავერდის გედი მიცურავს’’ .

ასე რომ, გიორგი ლეონიძე ხშირად იყენებს მეტაფორას ექსპრესიის გასაძლიერებლად. მისი მეტაფორები გამოირჩევა ორიგინალობითა და გამომსახველობით.

 

) გაპიროვნება

გაპიროვნება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოეტური სახეა, რომელიც გულისხმობს უსულო საგნების გასულიერებას, რაც გამომსახველობას აძლიერებს ფრაზაში ან მთლიანად ლექსში. ამ ხერხს გიორგი ლეონიძე ხშირად იყენებდა თავის პოეზაში.

გოგლა კალმით ხელში ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. გაპიროვნებათა მრავალფეროვნებითა მაღალმხატვრულობით იგი შეიძლება თავისუფლად გავუტოლოთ ვაჟა-ფშაველას. ამის დასტურია შემდეგი მაგალითები:

„მე თავს მიხრიდნენ ქართლის ციხენი

მატიანეში ნახეტიალი“(.., 280,15).

„სალამს მაძლევენ ალერსით

ტანჯავარ ხეთა რხევანი“ (.., 395,11).

გიორგი ლეონიძე ბუნების არავეულებრივ სურათებს ხატავს. მისი ფრაზები მკითხველის თვალწინ აცოცხლებენ ბუნების მოვლენებს, მოძრაობას, სურნელს, ფერს. ამ ყოველივეს გადმოცემაში ავტორს ყველაზე მეტად სწორედ გაპიროვნება ეხმარება.

„საზანდარმა ღამე ააცახცახა (.., 45,20).

,,ტყვე გეზახის მწვანე მხრიდან,

თავქოჩორა რელე;

ტყეს უნდიხარ დიდი ხნიდან,

გიქნევს ათას ხელებს’’.

,,მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს’’.

,,ნიავზე ყანა ქალივით

მოსახვევნად რომ წამოვა’’.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ფრაზა ერთდროულად შედარებაცაა და გაპიროვნებაც, რაც უფრო ეფექტურს ხდის ნათქვამს.

ისევე როგორც შედარებისა და მეტაფორის, გაპიროვნების მაგალითებიც უხვად გვხვდება გიორგი ლეონიძის შემოქმედება, მაგრამ, ვფიქრობთ, საილუსტრაციოდ ესეც კმარა. ლეონიძის ლექსების უბრალოდ გახსებნებაც კი ნთელყოფს, რომ პოეტი ხშირად ქმნიდა გაპიროვნებებს. ჩვენ, უბრალოდ შევეცადეთ, დაგვენახა გაპიროვნების სამყარო, რომელიც გოგლას შემოქმედებაში ბუდობს.  

დასკვნის სახით ვიტყვით, რომ გიორგი ლეონიძის პოეტური ენა გამოირჩევა მძაფრი ექსპრესიით, რასაც ავტორი აღწევს ტროპის სხვადასხვა სახეების გამოყენებით. სწორედ ამითაა მისი ხელწერა ყველასაგან გამორჩეული, სწორედ ამიტომაა, რომ ლეონიძისეულ ფრაზას განსხვავებული სურნელი სდევს.

            ,,, მას აქეთ ვარ მსურველი,

მტანჯოს დამფერფლოს ძიებამ,

მაფრქვიონ შუქი, სურნელი

პატარძეულის იებმა“ (.., 277,8).

და მართლაც, გიორგი ლეონიძე თითქოს მთელი ცხოვრება რაღაცას ეძიედა, რათა უფრო მძაფრად გადმოეცა ნანახი და ნაგრძნობი, რათა ზედმიწევნით ზუსტად დაეხატა გარემომცველი თუ შინაგანი სამყარო; ეძიებდა და პოულობდა კიდეც.

            ,,ეს სიტყვები იმ ლურჯთვალა იებში მიპოვნია, ჩვენს მიდამოებში რომ ვკრეფდი, იმ ყაყაჩოგარეულ ჯეჯილებში, მზით ამოვსებულ თავთავებში, შეთქვირებულ ყანებში რომ დგანან სხივმოსილი სიტკბოებითა და იდუმალებით.

ვერცხლულა იორი მიმღერდა ამ სიტყვას, ვენახებიანი, ხილნარიანი, ბარდნარ-ჭალებიანი, ჯალჯიან-შამბნარიანი…

იქ რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკას!’’ - წერდს გიორგი ლეონიძე და ჩვენ, მისი შემოქმედების სიღრმეების ხილვით გაოგნებულებს, ისღა დაგვრჩენია, დავეთანხმოთ, როგორც თავად იტყოდა, ,,ოქროს მდნობელ’’ პოეტს.

Copyright © 2006 43 საჯარო სკოლ

Hosted by uCoz